პრეამბულა
შპს „ფორსაით ეფ იქსი" (შემდგომში: „სისტემა", „ჩვენ", „კომპანია") არის საქართველოში რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (ს/ნ: 404789644, იურ. მის: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, ალექსანდრე პუშკინის ქუჩა N6 / გრიგოლ აბაშიძის ქუჩა N14, სართული 1).
ჩვენი ძირითადი საქმიანობა მოიცავს ვალუტის ყიდვა-გაყიდვის (შემდგომში - „გადაცვლის"/ „კონვერტაციის") მომსახურების უზრუნველყოფას როგორც უნაღდო ფორმით, პლატფორმის - www.fxhub.ge (შემდგომში: „ვებ-გვერდი") მეშვეობით, ისე ნაღდი ფორმით, ფიზიკური ვიზიტით კომპანიის კუთვნილ სავალუტო პუნქტში, რომელიც მდებარეობს მისამართზე: თბილისი, მთაწმინდის რაიონი, ალექსანდრე პუშკინის ქუჩა N6 / გრიგოლ აბაშიძის ქუჩა N14, სართული 1.
წინამდებარე დოკუმენტი (შემდგომში: „ხელშეკრულება") წარმოადგენს სავალდებულო იურიდიულ შეთანხმებას კომპანიასა და მომხმარებელს (შემდგომში: „მომხმარებელი", „კლიენტი") შორის. ამასთან, გთხოვთ გაითვალისწინოთ: წინამდებარე დოკუმენტში განსაზღვრულია ვალუტის უნაღდო ფორმით გადაცვლის მომსახურების მიწოდებისა და მიღების ძირითადი პირობები და აღნიშული დოკუმენტი არ ვრცელდება კლიენტის მიერ ნაღდი ფორმით ვალუტის გადაცვლის ოპერაციების მოწესრიგებაზე.
ხელშეკრულება ძალაში შედის იმ მომენტიდან, როდესაც კლიენტი განახორციელებს გადარიცხვის ოპერაციას კომპანიის საბანკო/საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ანგარიშზე ვალუტის კონვერტაციის მოთხოვნით. გადარიცხვის განხორციელებით კლიენტი ადასტურებს, რომ გაეცნო, გაიაზრა და ეთანხმება წინამდებარე წესებსა და პირობებს.
მხარეთა ურთიერთობები რეგულირდება როგორც წინამდებარე ხელშეკრულებით, ასევე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
კომპანიის მომსახურება ხელმისაწვდომია ფიზიკური პირებისთვის, საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის.
ტერმინთა განმარტება
- ანგარიში - კლიენტის საბანკო ან/და კომპანიის საბანკო/საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან არსებული ანგარიში, რომელიც შეიცავს პირად მონაცემებს და გამოიყენება ოპერაციების განსახორციელებლად.
- დანიშნულება - გადარიცხვის ოპერაციის მიზნის აღწერა, რომელშიც სასურველია მითითებული იყოს „კონვერტაცია".
- დასაკონვერტირებელი თანხა - ვალუტის გადაცვლის ოპერაციაში მონაწილე თანხა, რომელსაც კლიენტი ურიცხავს კომპანიას, სასურველი ვალუტის შესაბამისი თანხების მისაღებად.
- ვალუტის გადაცვლა - უცხოური ვალუტის გადაცვლა ეროვნულ ვალუტაში ან/და სხვა ნებისმიერ უცხოურ ვალუტაში ან/და ეროვნული ვალუტის გადაცვლა სხვა უცხოურ ვალუტაში.
- ვებ-გვერდი - ინფორმაციული პლატფორმა - www.fxhub.ge, სადაც განთავსებულია გადაცვლის კურსები, სამუშაო საათები და წინამდებარე წესები.
- კლიენტი/მომხმარებელი - ფიზიკური პირი, ინდივიდუალური მეწარმე, იურიდიული პირი, ან ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც ვებგვერდის საშუალებით ახორციელებს ვალუტის გადაცვლის ოპერაციას.
- მომსახურება/სერვისი - ვალუტის უნაღდო გადაცვლის ოპერაცია.
- პერსონალური მონაცემები - ინფორმაცია, რომელიც იძლევა ფიზიკური პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ იდენტიფიცირების საშუალებას (სახელი, გვარი, საიდენტიფიკაციო ნომერი, ელექტრონული კომუნიკაციის მონაცემები და სხვა).
- რეგისტრირებული მომხმარებელი - კლიენტი, რომელმაც გაიარა რეგისტრაცია ვებ-გვერდზე, განახორციელა თანხის გადარიცხვა კონვერტაციის მოთხოვნით და რეგისტრაციის მონაცემები ემთხვევა გადარიცხვის თანმხლებ ინფორმაციას.
- სამუშაო დღე - ნებისმიერი დღე, გარდა შაბათ-კვირისა და ოფიციალური დასვენების დღეებისა, ან დღე, როდესაც კომპანია არ ფუნქციონირებს (წინასწარი ინფორმირების შემთხვევაში).
- სამუშაო საათები - 10:00-დან 19:00 საათამდე, როდესაც კომპანია უზრუნველყოფს უწყვეტ მომსახურებას. არასამუშაო საათებში კომპანია უზრუნველყოფს მომხმარებელთა მხარდაჭერას მხოლოდ დისტანციური ოპერატორის საშუალებით, რომელთან დაკავშირება შესაძლებელი იქნება ონლაინ მიმოწერის გზით.
- საყურადღებო კურსი - გაცვლითი კურსი, რომლის დროსაც: ვალუტის ყიდვისა და გაყიდვის კურსებს შორის სხვაობა აღემატება 3%-ს, ან ვალუტის შესყიდვის ან/და გაყიდვის კურსი 3%-ით ან მეტით განსხვავდება იმ დღისთვის მოქმედი ოფიციალური გაცვლითი კურსისგან.
მომსახურების მიღების წესი
კომპანიის ვებ-გვერდის გამოყენებით, კლიენტს შეუძლია ისარგებლოს, როგორც რეგისტრირებული მომხმარებლის მომსახურებით, ისე მომსახურებით, რომელიც ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გარეშე. კერძოდ:
- ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გარეშე, კლიენტს შეუძლია დააინიციროს ვალუტის გადაცვლის ოპერაცია, მხოლოდ მულტისავალუტო ანგარიშის გამოყენებით, რაც გულისხმობს, რომ კონვერტირებული თანხის მიღება მოხდება იმავე საბანკო ანგარიშზე, რომლიდანაც განხორციელდა კომპანიისთვის დასაკონვერიტრებელი თანხების ჩარიცხვა.
- ვებ-გვერდზე რეგისტრაციის შემთხვევაში, კლიენტს მიეცემა შესაძლებლობა, ჩარიცხოს კომპანიის ანგარიშზე მის სახელზე რეგისტრირებული ერთი საბანკო ანგარიშიდან და მოითხოვოს დაკონვერტირებული თანხები მის სახელზე რეგისტრირებულ იმავე ბანკის სხვა ან იმავე ანგარიშზე. ტრანზაქციის შესრულების მიზნებიდან გამომდინარე, კლიენტი ვალდებულია გაითვალისწინოს, რომ დაკონვერტირებული თანხის ჩარიცხვა მოხდება მხოლოდ მის სახელზე რეგისტრირებულ საბანკო ანგარიშზე.
კლიენტი უფლებამოსილია გამოიყენოს კომპანიის ვებ-გვერდზე არსებული მომსახურება მრავალჯერადად, შეზღუდვის გარეშე.
მომსახურების შინაარსი
კომპანია უზრუნველყოფს სასურველი ვალუტის გადაცვლას კლიენტისგან საბანკო ანგარიშზე თანხის მიღებისა და მოთხოვნილი ვალუტის შესაბამისი თანხის კლიენტისთვის გადარიცხვის გზით, რაც მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
- კონვერტაციის დავალება რეგისტრირდება ვებ-გვერდზე განთავსებული ინსტრუქციის შესაბამისად, კლიენტის ანგარიშიდან კომპანიის საბანკო/საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის გზით. შესაბამისად, კონვერტაციის მიზნებისთვის ვალუტის გაცვლითი კურსის დაფიქსირება ხორციელდება კლიენტის მიერ კომპანიისთვის თანხების ჩარიცხვის მომენტისთვის არსებული გაცვლითი კურსის შესაბამისად.
- გადარიცხვის შემდეგ, კომპანია დაარეგისტრირებს კლიენტის დავალებას და არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) წუთისა ახორციელებს შესაბამის ოპერაციას იმავე საბანკო ანგარიშზე დაკონვერტირებული თანხის გადარიცხვით ან კლიენტის მიერ დაფიქსირებულ იმავე ბანკში არსებულ სხვა საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით, თუ კონვერტაციის დავალება განხორციელებულია კლიენტის რეგისტრირებული მომხმარებლის ანგარიშის გამოყენებით.
კომპანიის მხრიდან დაკონვერტირებული თანხების კლიენტის ანგარიშზე გადარიცხვისთანავე, რეგისტრირებული მომხმარებელი მიიღებს შესაბამის შეტყობინებას.
საკომისიოები
ვალუტის გადაცვლის მომსახურება არ ითვალისწინებს დამატებით საკომისიოს და შესაბამისი ვალუტის გაცვლითი კურსის ღირებულება შემოისაზღვრება ვებ-გვერდზე განთავსებული ოდენობით.
ვალუტის გადაცვლის კურსის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ვებ-გვერდზე და ხელმისაწვდომია მომსახურების მოთხოვნამდე. კურსი არ აღემატება საყურადღებო კურსის ზღვარს.
უფლებები და ვალდებულებები
კომპანიის უფლებები
კომპანია უფლებამოსილია:
- მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია კლიენტის შესახებ, თუ ეს გათვალისწინებულია კანონმდებლობით;
- მესამე მხარეებს გადასცეს კლიენტის შესახებ ინფორმაცია (IBAN, საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი) ტრანზაქციის განსახორციელებლად, კანონმდებლობით გათვალისწინებულ და დაშვებულ შემთხვევევბში;
- ჩაიწეროს და შეინახოს კომუნიკაციის ინფორმაცია სამართლებრივი საფუძვლით;
- არ გასწიოს/უარყოს მომსახურება, თუ ამას მოითხოვს კანონმდებლობა ან გარემოებები კომპანიის კონტროლს სცილდება;
- არ გასწიოს/უარყოს მომსახურება, თუ მოთხოვნილი თანხა არ ხვდება დადგენილ ლიმიტებში (ასეთი ლიმიტების არსებობის შემთხვევაში);
- არ გასწიოს/უარყოს მომსახურება, თუ სახეზეა ნებისმიერი სხვა ობიექტური გარემოება, როდესაც კომპანია უარს აცხადებს მომსახურების გაწევაზე;
- შეაჩეროს მომსახურება, თუ კლიენტი არღვევს ხელშეკრულებით ან საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხვნებს/ვალდებულებებს.
კომპანია ვალდებულია:
- ვებ-გვერდზე თვალსაჩინოდ განათავსოს ყველა აუცილებელი ინფორმაცია:
- ეროვნული ბანკის რეგისტრაციის მოწმობა;
- ტრანზაქციის გაუქმების წესები (30 წუთის განმავლობაში, თუ თანხა არ აღემატება 5000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში);
- ვალუტების დასახელებები;
- გადაცვლის კურსები მეათასედის სიზუსტით;
- საკომისიოს ოდენობა (არსებობის შემთხვევაში);
- საყურადღებო კურსი (არსებობის შემთხვევაში);
- დაიცვას კლიენტის მითითებები, თუ აღნიშნული შესაბამისია წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურებასთან;
- არ გამოიყენოს კლიენტის თანხა მოქმედი კანონმდებლობითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული დანიშნულებისგან განსხვავებული მიზნობრიობით;
- ტრანზაქციის უარყოფის/მომსახურების არ გაწევის შემთხვევაში, დაუბრუნოს კლიენტს შესაბამისი თანხები დაუყოვნებლივ;
- უზრუნველყოს მომხმარებელთა ინფორმირება ვებ-გვერდის საოპერაციო სისტემის ტექნიკური შეფერხებების თაობაზე და დროებით გათიშოს სისტემა, ტექნიკური პრობლემების დროს;
- ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული კომპანიის მიერ შემოთავაზებული მომსახურების გაწევა წარმოადგენს კომპანიის უფლებას და არა ვალდებულებას.
კლიენტის უფლებები და ვალდებულებები
კლიენტი უფლებამოსილია:
- ისარგებლოს ვებ-გვერდზე განთავსებული და მისთვის ხელმისაწვდომი სერვისებით;
- დაარეგისტრიროს კონვერტაციის დავალება და გააუქმოს აღნიშნული წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად;
- აცნობოს კომპანიას ნებისმიერი სახის შეფერხებისა თუ ხარვეზის შესახებ, რომლებიც გამოიკვეთა მომსახურების გაწევის პროცესში და მოსთხოვოს აღნიშნულის გამოსწორება.
კლიენტი ვალდებულია:
- დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესები;
- არ მიაწოდოს კომპანიას შეცდომაში შემყვანი ან/და ყალბი/არასათანადო სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია;
- არ შელახოს კომპანიის რეპუტაცია გამიზნულად/განზრახ;
- დაიცვას კომპანიის საავტორო უფლებები ვებ-გვერდზე განთავსებული ყველა ტექსტს, გრაფიკულ და ანიმაციურ ელემენტებზე, რადგან აღნიშნული ექსკლუზიურად ეკუთვნის კომპანიას და მომსახურების გამოყენებით კლიენტზე არ გადადის საავტორო უფლებები;
- აუნაზღაუროს კომპანიას ყველა ზარალი, რომელიც მიადგება კომპანიას მის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევის შედეგად და შემთხვევაში;
- კონვერტაციის მიზნებიდან გამომდინარე დავალების ინიცირება განახორციელოს მულტისავალუტო ანგარიშიდან ან რეგისტრირებული მომხმარებლის ანგარიშის გამოყენებით კონვერტაციის დროს, განსხვავებული საბანკო/საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ანგარიშის მითითებისას, მიუთითოს მოთხოვნილი ვალუტის შესაბამისი ანგარიში;
- დაიცვას კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი და ხელმისაწვდომი გახდება წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე მომსახურების გაწევის პროცესში.
წინამდებარე ხელშეკრულებაზე თანხმობით, კლიენტი გამოხატავს თანხმობას შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
- კომპანია უფლებამოსილია დაამუშაოს მისი პერსონალური მონაცემები კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკით დადგენილი წესითა და პირობებით;
- მისთვის ცნობილი და მისაღებია ის ფაქტი, რომ იგი ვერ შეძლებს კონვერტაციის დავალების გაუქმებას იმ შემთხვევაში, თუ:
- დავალების რეგისტრაციიდან გასულია 30 წუთი;
- დავალების თანხა აღემატება 5000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში.
- მისთვის ცნობილია, ის ფაქტი, რომ სისტემის უწყვეტი მუშაობა დამოკიდებულია მრავალ სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის: ინტერნეტი, ელექტროენერგია, საბანკო სისტემა, კავშირგაბმულობა და სხვა და რომელიმე მათგანის გაუმართაობამ, შესაძლებელია გამოიწვიოს მომსახურების დროული შესრულებისა და ვებ-გვერდის საოპერაციო სისტემის შეფერხება.
პასუხისმგებლობის შეზღუდვა
კომპანია მაქსიმალურად უზრუნველყოფს უსაფრთხოების მექანიზმების შემუშავებას, თუმცა არ არის პასუხისმგებელი:
- ვებ-გვერდზე დაცული მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე;
- მესამე პირების მიერ მიყენებულ ზიანზე;
- ვებ-გვერდის მუდმივ ხელმისაწვდომობაზე;
- პროგრამულ ვირუსებზე.
მომხმარებელი რეგისტრაციით ადასტურებს, რომ არის 18 წლის ან უფროსი ასაკის ქმედუნარიანი პირი და ვებ-გვერდს იყენებს საკუთარი ნებითა და რისკით.
კომპანია გამორიცხავს როგორც თავის, ისე კომპანიის თანამშრომელთა პასუხისმგებლობას ხელშეკრულებისა და კანონმდებლობის კლიენტის მიერ დარღვევის შემთხვევაში.
სასამართლოს მიერ პასუხისმგებლობის დადგენის შემთხვევაში კომპანიის პასუხისმგებლობა შეზღუდულია სადავო ოპერაციის ღირებულებით.
ხელშეკრულების მოქმედება და ცვლილებები
ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები მოქმედია მისი ვებ-გვერდზე გამოქვეყნებისთანავე და მოქმედებს მანამ, სანამ არ მოხდება მისი შეწყვეტა ან შეცვლა. მხარეებს შეუძლიათ დამატებით დაადასტურონ ხელშეკრულება ბეჭდურ ვერსიაზე ხელმოწერით. ხელშეკრულების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მომხმარებელს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან.
კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს ხელშეკრულების პირობები ვებ-გვერდზე ინფორმაციის განთავსების გზით. თუ ცვლილება ხორციელდება მომხმარებლის სასარგებლოდ ან არ აუარესებს მის მდგომარეობას, ან ეხება ახალ პროდუქტს, კომპანია არ არის ვალდებული უზრუნველყოს მომხმარებელთა ინფორმირება აღნიშნულთან დაკავშირებით. ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებები წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს და ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
ფორს-მაჟორი
არცერთი მხარე არ არის პასუხისმგებელი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე, თუ ეს გამოწვეულია დაუძლეველი ძალის გარემოებებით.
დაუძლეველი ძალის გარემოებებში შედის:
- სტიქიური კატასტროფა;
- ხანძარი;
- ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა;
- მოწყობილობების მწყობრიდან გამოსვლა;
- პროგრამული უზრუნველყოფის დაზიანება;
- საომარი მოქმედებები;
- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები;
- საბანკო დაწესებულებების/საგადახდო მომსახურების პროვაიდერების საოპერაციო შეფერხება;
- სხვა გადაულახავი გარემოებები.
ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში მხარე ვალდებულია 3 (სამი) საბანკო დღის განმავლობაში აცნობოს მეორე მხარეს და მიიღოს ზომები ნეგატიური შედეგების შესამცირებლად. ფორს-მაჟორული გარემოებების მოქმედების პერიოდში ვალდებულებების შესრულების ვადა გაგრძელდება შესაბამისად.
მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტა
პრეტენზია:
კლიენტის მხრიდან, მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით პრეტენზიის წარდგენა შესაძლებელია კომპანიის საინფორმაციო მეილზე: fxhub@foresight.ge შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის გზით.
დავის გადაწყვეტა:
დამატებით, მხარეები თანხმდებიან, რომ ნებისმიერი დავის მოსარიგებლად, რომელიც წარმოიშობა ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ან დაკავშირებულია მასთან, მის დარღვევასთან, შეწყვეტასთან ან ბათილად ცნობასთან, პირველ რიგში გამოიყენებენ მედიაციას და ამ მიზნით მიმართავენ ა(ა)იპ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრს, საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის მედიაციის წესების შესაბამისად. მედიაციის ენა არის ქართული. მედიაციის ადგილია ქ. თბილისი, საქართველო.
სამედიაციო მოთხოვნის წარდგენიდან 60 დღეში სამედიაციო მორიგების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა უნდა გადაწყდეს არბიტრაჟის გზით, ა(ა)იპ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო წესების მიხედვით, ამ წესების შესაბამისად დანიშნული არბიტრის მიერ. საარბიტრაჟო განხილვის ადგილად განისაზღვროს ქალაქი თბილისი, საქართველო, საარბიტრაჟო განხილვა წარიმართოს ქართულ ენაზე.
მარეგულირებელი კანონმდებლობა:
ხელშეკრულება შედგენილია და რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.